“აქ, ემიგრაციაში, მა, ყველაზე მეტად შენ მენანები მარტოობისთვის! “-ემიგრანტის წერილი მამას

“მე არ მახსოვს, როგორ იღიმებოდა დედა, როგორ ვყავდი გულზე მიხუტებული და ახლა, ასე უშედეგოდ შავ-თეთრ ფოტოებზე ვცდილობ მის გაცოცხლებას. ის წავიდა… მას მერე მამას ხელისგულების სითბო არ მანებებდა თავს. იცით, რა მიკვირს, როგორ მოახერხა, რომ არავის შევცოდებოდი, როგორ შეძლო გაეფერადებინა ჩემთვის ბედის შავი ჩრდილები… 5 წლის ვიყავი, როცა დავობლდი და მას მერე ჩვენ ორნი ვეიმედებით ერთმანეთს. არაფერი დაუმალია ჩემთვის, მე ვიცოდი, რომ დედა აღარ მყავდა…
სკოლის ასაკიდან უფრო მეტად შევძელი გააზრება, ვინ იყო ზურა ჩემთვის…

ერთხელ მოსწავლეები ტილებზე შეგვამოწმეს, ჩემმა
დამრიგებელმა დაუფიქრებლად თქვა: “ამ უდედო ბავშვს არაფერი სჭირს და თქვენს მშობლებს რა ღმერთი გაუწყრათ, დაუბანელი თავით რომ გიშვებენო“…
რამდენჯერ მინახავს მამას თვალებზე ცრემლი ტანსაცმლის გაუთოების დროს, რომ მიეწვებოდა ხოლმე ხელი… ჩვენ ერთად ვისწავლეთ საჭმლის კეთება, სახლის დალაგება და რაც მთავარია, ცხოვრება საყვარელი ქალის გარეშე…
სოფლიდან სტუმრად ჩამოსულ ბებია-ბაბუასაც კი არ უთმობდა ჩემს თავს. ბებოს უთქვამს, ჩვენ გავზრდით ნინოს, კაცი ხარ და ქალი გჭირდება, ვინმე შეირთეო. მაშინ პირველად გაებუტა მამა საკუთარ დედას.


ჩატვირთვა...

მთელი ცხოვრება დაუღალავად შრომობდა, მასწავლა, გზაზე დამაყენა და არასდროს მივუტოვებივარ. ხანდახან შურდათ კიდეც და მეუბნებოდნენ, დედაშენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩვეულებრივი ქართველი კაცივით
იქნებოდა ეგეცო. ის, რისი დაჯერებაც არ მინდა, როგორ დავიჯერო…
მარტო დარჩენილსაც კი არასდროს დაუწუწუნია, წადი, შვილო, გათხოვილი ხარ, ოჯახი გელოდებაო…
მოხუცია მამაჩემი, მის დანაოჭებულ სახეს კვალად ამჩნევია ორი ქალის სიყვარული, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა…

…მე არ ვარ ნინო. არც ის არის ზურა… სახელები რომ გავთქვა, მოუყვებიან მას და არ მინდა ავაფორიაქო… დიდი დანაშაული მიმიძღვის მის წინაშე, მაგრამ რა ვქნა, მან მასწავლა, რომ შვილებისთვის ყველაფერი უნდა გავიღო… აქ, ემიგრაციაში, მა, ყველაზე მეტად შენ მენანები მარტოობისთვის!”

55 წლის ემიგრანტი ქალი

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები