Google გეგმავს, უნივერსიტეტის ხარისხის ნაცვლად 6-თვიანი სერტიფიკატები მოითხოვოს

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა განაცხადა, რომ ის უნივერსიტეტის ხარისხის ნაცვლად Google-ს სასწავლო სერტიფიკატებს მიიღებს, რომელთა ასაღებადაც პოტენციურ თანამშრომლებს 6-თვიანი კურსის გავლა შეუძლიათ, რათა მოთხოვნადი პროფესიებისთვის იმაზე გაცილებით ნაკლებ დროში მოემზადონ, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლებისთვისაა საჭირო.

კვალიფიკაციის გავლის შემდეგ წარმატებული სტუდენტები მიიღებენ Google Career Certificate-ს, რომელსაც კომპანია იმავე პოზიციებზე უნივერსიტეტის ოთხწლიანი ხარისხის ტოლფას საბუთად განიხილავს.


ჩატვირთვა...

კურსების ფასი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, კომპანიის არსებული სერტიფიკატების ფასის გათვალისწინებით, ის დაახლოებით $300 ეღირება, Google-მა კი უკვე განაცხადა, რომ ის 100 000 სტიპენდიას გასცემს.

ეს კურსები წარმატებულ სტუდენტებს იმ უნარ-ჩვევებს განუვითარებენ, რომლებიც მაღალანაზღაურებად სფეროებში სამუშაოდაა საჭირო და ზრდის პოტენციალს იძლევა. ამ ონლაინ განათლების ფარგლებში Google-ის თანამშრომლები ასწავლიან ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაცემთა ანალიზი, პროექტების მართვა და სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი.

“ეს ახალი კარიერული პროგრამები Google-ის ამ სფეროებში მომუშავე თანამშრომლების მიერაა შედგენილი და მათ ისინი თვითონვე ასწავლიან. ამ პროგრამებით სტუდენტები სამსახურის მისაღებად საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ. კურსების გასავლელად არ არის საჭირო რაიმე ხარისხი ან წინასწარი გამოცდილება. ავიღოთ, მაგალითად, ივ კუპერი, რომელიც ფურგონის მძღოლი იყო და ჩვენს პროგრამაში გაწევრიანდა. პროგრამის დასრულებიდან ხუთ დღეში ის მის მშობლიურ ქალაქში, ვაშინგტონში, არაკომერციულმა ორგანიზაციამ დამხმარე IT სპეციალისტის პოზიციაზე აიყვანა”, — დაწერა Google-ის საერთაშორისო ურთიერთობების სენიორ ვიცე-პრეზიდენტმა კენტ უოკერმა თავის ბლოგში.

ტრადიციული აკადემიური ხარისხებიდან სხვაგვარ კვალიფიკაციაზე გადასვლა ხარისხების მიმართ არსებულ კრიტიკას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც რამდენიმეწლიანი კურსების ფინანსური ტვირთი სტუდენტებს ხშირად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც კი წლების განმავლობაში უზარმაზარ ვალებად აწევს.

სამსახურისა თუ ნორმალური ხელფასის გარანტიის არქონა სტუდენტებს ზოგჯერ თავდაპირველზე უარეს მდგომარეობაში აგდებს. ამის საპირისპიროდ Google Career Certificate-ის მიზანია, ტრადიციული საუნივერსიტეტო ხარისხების დროისა და ღირებულების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის სანაცვლოდ სტუდენტები დაუყოვნებლივი სამუშაოსთვის მოამზადოს.

“ბევრი პატარა ბიზნესისთვის COVID-19-ის კრიზისის დროს ტექნოლოგია ნამდვილი სამაშველო რგოლი იყო. ონლაინ პროგრამებს შეუძლია, ხალხს ახალი უნარ-ჩვევები და კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურები აშოვნინოს. უნივერსიტეტის ხარისხები ბევრი ამერიკელისთვის მიუწვდომელია, ადამიანს კი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უნივერსიტეტის დიპლომი არ უნდა სჭირდებოდეს. ამერიკის ხელახლა ასაშენებლად ჩვენ სამსახურისთვის მზადების ახალი, ხელმისაწვდომი გზები გვჭირდება — დაწყებული გაძლიერებული პროფესიული პროგრამებით და დამთავრებული ონლაინ განათლებით”, — დაწერა უოკერმა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები