მითები და სინამდვილე ირანზე – რუსმა ქალმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამოუცნობ ქვეყანაზე სტერეოტიპები დაამსხვრია (8 ფოტო)

რუსი გოგონა ქრისტინა, რომელიც ირანშია გათხოვილი, ბლოგს აქვეყნებს და ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, სადაც ის ცდილობს ირანზე გავრცელებული სტერეოტიპების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მკითხველისთვის. როგორც ქრისტინა აცხადებს, ამ ბლოგით მას სურდა ირანზე მითები დაემსხვრია და მსოფლიოს საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ ამ ქვეყანაზე ბევრი ისეთი სტერეოტიპი არსებობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გთავაზობთ ქრისტინას ბლოგის თარგმანს:


ჩატვირთვა...
“გამარჯობა! ჩემი სახელია ქრისტინა. მე რუსეთიდან ვარ და ვარ 25 წლის. 5 წლის წინ, ირანელ ბიჭს შევხვდი, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა, დავქორწინდით და ახლა ვცხოვრობ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამოუცნობ ქვეყანაში – ირანში. ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენები გარშემოტყმულია შიშებით და მითებით, შეზღუდვების შესახებ. ახლა მოგიყვებით, სინამდვილეში რა ხდება აქ.
ერთ-ერთი გავრცელებული მითი ირანზე არის ის, რომ ირანელი ქალები მთლიანად შავ მოსასხამებში გახვეულები დაიარებიან და სახეს იფარავენ. 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანში მართლაც დაწესდა ქალებისთვის დრეს-კოდი, მაგრამ საქმე ისე არაა, როგორც ჰგონიათ. ირანელი ქალები არც სახეს იფარავენ და არც ფარანჯას იცმევენ. მე ერთხელაც კი არ მინახავს ისინი ფარანჯაში. საკმარისია ქალს დაფარული ჰქონდეს ფეხები, მკლავები ნახევრად და თავსაფარი ემოსოს. დანარჩენი შეუძლიათ ჩაიცვან სრულიად თანამედროვედ. მხოლოდ ასაკოვანი, რელიგიური ქალები იცვამენ ჩადრებს, მაგრამ სახეს არასდროს იფარავენ. ახალგაზრდების უმრავლესობა რელიგიური არ არის. ირანში ძალიან მოდურია ჯინსები, ქუსლიანი და თანამედროვე მოდის ღია ფეხსაცმელი, არანაირი მოდური ტენდენცია არ არის აკრძალული. ამიტომ ირანელი ქალები საკმაოდ მოდურად და თანამედროვედ გამოიყურებიან, უყვართ სხვადასხვა სახის სამკაულები, აქსესუარები, ძვირადღირებული მზის სათვალეები, იკეთებენ მკვეთრ მაკიაჟს. ირანელი ქალების დიდი ნაწილი უცხოეთში თავსაფრის გარეშე და ჩვეულებრივად ჩაცმული დადის. ირანში მოდის პოლიცია არსებობს, თუმცა, ის საკმაოდ ლოიალურია. ტურისტებს თუ თავსაფარი არ აფარიათ, შენიშვნას აძლევენ, ადგილობრივები კი შეიძლება დააჯარიმონ კიდეც.
მეორე მითი არის ის, თითქოს ირანში ქალების უმრავლესობას არანაირი უფლებები არ აქვს. სინამდვილეში, ირანში ქალები გაცილებით თავისუფლად ცხოვრობენ, ვიდრე სხვა მუსულმანურ ქვეყნებში. ირანელ ქალს შეუძლია იყოს ის, რაც სურს – უნდა ცოლი და დიასახლისი იქნება, უნდა – პოლიტიკოსი, უნდა – ტაქსისტი, გამყიდველი და ასე შემდეგ, რასაც მოისურვებს. მე უკვე ვნახე ირანელი პოლიციელი ქალები, თარჯმნები და ჟურნალისტებიც კი. ირანელი ქალები თავისუფლად დადიან ქუჩებში მარტო, გადაადგილდებიან ტაქსით, სხედან საჭესთან, მამაკაცებთან ერთად სუფრაზე და ძალიან ბევრ სამსახურში თანამშრომლების უმრავლესობა ქალია.

ამას გარდა, ირანში ოჯახის უფროსად ქალი ითვლება. სწორედ ის განკარგავს ოჯახის ბიუჯეტს. ოჯახში ხშირად მოსამსახურე ქალები ჰყავთ, ამიტომ ცოლს არ უწევს 24/7-ზე საოჯახო საქმეებით დაკავება. ამას გარდა, ირანელ ქალს აქვს უფლება მოითხოვოს ქმართან განქორწინება, წავიდეს უცხოეთში სასწავლებლად და ასე შემდეგ. ირანელი ქალები ღიები და კომუნიკაბელურები არიან – შეუძლიათ თავისუფლად გაუბან საუბარი უცხო მამაკაცს ქუჩაში. ირანელებს ძალიან უყვართ ტურისტები და მათთან სურათების გადაღება.

ირანის რეპუტაციის შესახებ ძალიან არასწორი წარმოდგენები არსებობს მსოფლიოში. ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ ირანის დასახელება ერაყისას ჰგავს. ბევრს ირანი ტერორისტული ქვეყანა ჰგონია. არადა, ტერაქტების რაოდენობით ის მსოფლიოში 53-ე ადგილზეა, მაშინ როცა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები 32-ზეა, ხოლო გერმანია -38-ზე. პირველ ადგილებს კი ერაყი, ავღანეთი, ნიგერია და სირია იკავებენ. სანქციების გამო ირანში არ არის მსხვილი ბრენდები და ფასტფუდები, არ მუშაობს ფეისბუქი და სხვა ზოგიერთი სოციალური ქსელები, თუმცა, ირანის მცხოვრებლები იოლად ხსნიან ბლოკებს.
კიდევ ერთი მითი, რაც ირანზე არსებობს, არის ის, თითქოს ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ქორწილში იცნობენ, თუმცა, აქ გააჩნია ოჯახს. კი, არის ირანში ოჯახები, რომლებიც მკაცრად ცხოვრობენ ყურანის მიხედვით. ასეთ ოჯახებში მშობლები შვილებს ქორწინებამდე ურთიერთობებს უკრძალავენ, თავად ურჩევენ საცოლეს ან საქმროს და ახალგაზრდები ერთმანეთს ქორწინებამდე თითქმის ვერ ეცნობიან, თუმცა, ასეთი ოჯახების რიცხვი უმცირესია. ახალგაზრდა ირანელების უმრავლესობა არ იმალება – დადიან პაემნებზე, ხელჩაკიდებულები მოძრაობენ ქუჩებში, საჯაროდ კოცნაობენ ფრანგულად და გამოხატავენ გრძნობებს და ამისათვის მათ არავინ აპატიმრებთ. ერთმანეთთან სექსუალური ცხოვრებისთვის ზოგჯერ ხანმოკლე ქორწინებას აფორმებენ სხვადასხვა ვადით, ან ქორწინების გარეშეც და ამისათვის მათ ალმაცერად არავინ უყურებთ.

ზოგადად, ირანში ძვირადღირებული ქორწილები უყვართ. წყვილები საქორწინო კონტრაქტს აფორმებენ. არსებობს მეხრიე – საჩუქარი პატარძალს, რომელსაც საქმრო უკეთებს მას და ის მას რჩება განქორწინების მერეც. ამიტომაც თუ წყვილი განქორწინდა, ცოლი ფინანსების გარეშე არ რჩება.

მითების გარდა, მინდა მოგითხროთ ამ ქვეყნის ზოგიერთ თავისებურებებზეც:

ირანში ძალიან პოპულარულია ცხვირის ოპერაციები. ირანი ცხვირის ოპერაციების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. “ახალი ცხვირი” აქ ყოველ მეორე ირანელ ქალს აქვს – თეირანში რომ გაიაროთ, ქალაქში ლამის ყველა გოგოს ცხვირზე ოპერაციის შემდგომი პლასტირი აქვს დაკრული, მაღაზიაში შეხვალ თუ აფთიაქში, ლამის ყველა კონსულტანტს ცხვირი აკრული აქვს. ირანელი ქალები არ მალავენ რომ ცხვირის ოპერაციებს იკეთებენ. პირიქით, ამას ამაყად ამბობენ, რათა მოახდინონ იმის დემონსტრაცია, რომ ოჯახის აქვს ფინანსური საშუალება, რათა წავიდნენ ქირურგთან. ცოტა სასაცილოა რომ ზოგიერთი გოგონა ტყუილადაც იკრავს ცხვირზე პლასტირს, ვითომ ოპერაცია აქვს გაკეთებული, რათა მდიდარი ოჯახის შვილად გამოჩნდეს. მოკლედ, რინოპლასტიკა ირანში ძალიან მოდურია. მე არ მომწონს ნაოპერაციები და აჭრილი, აპრეხილი ცხვირები ირანელ ქალებზე, თუმცა, ირანელებს მოსწონთ და რას ვიზამთ, ეს მათი საქმეა.

ირანს თავისებური ქუჩის საკვები აქვს და ეს ძალიან ორიგინალურია. ქალაქების ქუჩებში არა მხოლოდ ბურგერებს და ჰოთ-დოგებს ამზადებენ. ირანში ასევე ნახავთ, შემწვარ ლობიოს, გამომცხვარ კარტოფილს და ასე შემდეგ. ირანელი გამყიდველები პირდაპირ ქუჩებში დგანან და ისე ამზადებენ საჭმელს. ირანელებს უყვართ და ეხერხებათ გემრიელად მომზადება და ჭამა. სტუმარს დიდი სიხარულით ხვდებიან და დიდ სუფრას უშლიან. მე როცა ირანში ჩავედი, ქმრის ყველა ნათესავი ცალ-ცალკე მეპატიჟებოდა სტუმრად გასაცნობად და მიმასპინძლდებოდა. ყველა სახლში ჩვენთვის დიდ სუფრას შლიდნენ და საჩუქრებს მჩუქნიდნენ. ირანელებს ასევე ძალიან უყვართ ჩაი და მას ლამის 24 საათი ამზადებენ.

ირანში სადარბაზოები სასტუმროების დარბაზებს ჰგავს, ბინები კი მუზეუმებს. რა თქმა უნდა, აქაც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, არის სხვადასხვანაირი ბინები – მდიდრული და ღარიბული, მაგრამ საშუალო კლასის ბინები, რომელსაც ჩემი ქმარი მიეკუთვნება, ასე გამოიყურება. რაც შეეხება ელიტურ რაიონებს, იქ ისეთი მაგარი ბინები აქვთ, რომ ვერც კი დაიჯერებთ რომ ეს ირანია – ყველაფერი ძალიან დიდი ფუფუნებითა და გემოვნებითაა გაკეთებული. მაგალითად, ჩემი ქმრის და ელიტურ რაიონში ცხოვრობს. იქ შესანიშნავია ინფრასტრუქტურაა – ბაღები, სკოლები, მაღაზიები, სამი სავაჭრო ცენტრი, უამრავი რესტორანი, ლამაზი პარკი, ყოველი სახლის ქვემოთ სპორტკლუბია. ცალკეა გამოსაყოფი სადარბაზოები. ისინი იმაზეა დამოკიდებული, ძველია თუ ახალი. ლიფტებში ხშირად მუსიკა ირთვება. ქუჩებში ძალიან ლამაზი დივნები დგას, აკვარიუმები თევზებით.

გარეთ რომ ასეთი სილამაზეა, წარმოიდგინეთ, ბინებში რა იქნება – ირანული სტილი ბინების მოწყობისა, ფუფუნებაა -უყვართ მოოქროვება, მრგვალი ფორმები, წითელი ფერი. ირანელებისთვის მთავარი ღირებულება ოჯახია, ამიტომ ისინი ბინების მოწყობას მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად ცდილობენ. ინტერიერში ყველა წვრილმანი გათვლილია, ყოველ ბინაში (პატარაშიც კი) არის დარბაზი სარწეველებით, დივნებით და ჩაის მაგიდებით. სხვანაირად შეუძლებელია – ირანულ ოჯახებში ყოველთვის ბევრი სტუმარია. ბინებში ძალიან, ძალიან სისუფთავეა. გაგიკვირდება კიდეც როგორ ახერხებენ ასეთ სისუფთავეს, ამდენი ბევრი პატარა ბავშვის პირობებში, მაშინაც როცა ბინებში თეთრი დივნები და ხალიჩებია.

სტუმრების მიღების სამზადისს დედამთილის ოჯახში დავაკვირდი. ხალიჩებს საგანგებოდ წმენდენ მტვისაგან, სამზარეულოში ყველაფერს აკრიალებენ, მათ შორის, მაცივარს. ხალიჩები ირანელებს ძალიან უყვართ და მათი რაოდენობა და ხარისხი ოჯახის შეძლებაზე მეტყველებს. ხელით ნაქსოვ ხალიჩებზე დიდ ფულს ხარჯავენ.

ირანში ირგვლივ უამრავი ლამაზი არქიტექტურული გადაწყვეტაა. ჩემთვის დიდი სიუპრიზი იყო ამდენი უჩვეულო შენობის დანახვა. თეირანში ძალიან ბევრი ახალგაზრდა არქიტექტორი, მათ შორის, ქალები, მუშაობენ და მათი ნამუშევრები ძალიან მაგარი გამოდის. ქალაქში ყველგან ნახავთ გრანიტის ფასადებს, ვიტრაჟულ ფანჯრებს, ყვავილების ქოთნებს სახლების ფასადებზე. ლამაზი შენობების რიცხვი თეირანში და ირანის სხვა ქალაქებში სულ უფრო და უფრო იზრდება.

სხვა რა შეიძლება ითქვას ირანის თავისებურებების შესახებ? ირანში მამაკაცები შეხვედრისას ერთმანეთს გადაკოცნიან-ხოლმე, ხელის ჩამორთმევის პარალელურად. ქვეყანაში არ არის აკრძალული სქესის შეცვლის ოპერაციები, თუმცა, სრული კონტროლი მიმდინარეობს. სქესის შეცვლის ოპერაციების ხარისხით ირანი მხოლოდ ტაილანდს ჩამორჩება.

ტურისტებს ხშირად ეშინიათ-ხოლმე ირანში ჩასვლა, მისი ცუდი იმიჯის გამო. ზოგს საერთოდ სძულს ირანი და ერაყიც. ეს ორი ქვეყანა, აბსოლუტურად სხვადასხვაა. ირანში არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, არ არის ომი, ქვეყანა არის უსაფრთხო, თბილი და საინტერესო. აქ ჩამოსული ტურისტი ახალ და გასაოცარ სამყაროს აღმოაჩენს.”
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები