ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები

ნაადრევი ქორწინება ხშირია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ურბანიზაციის დონე დაბალია და ძველი ტრადიციები ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული. ასეთი ქვეყნები ძირითადად აზიასა და აფრიკაშია. სხვადასხვა ქვეყანაში ქორწინების ასაკად სხვადასხვა წლებია მიჩნეული, ძირითადად კი, ეს პერიოდი 16-დან 20 წლამდე მერყეობს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ნაადრევი ქორწინების ფაქტები არ არის შესამჩნევად ხშირი. გამოკითხვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ნაადრევი ქორწინების მომხრე საქართველოში 35 პროცენტია, წინააღმდეგი კი – 65 პროცენტი. ზოგადად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე კარგი პერიოდი ოჯახის შესაქმნელად არის 25-35 წლის ასაკი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი მწიფდება როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიოლოგიურად და სოციალურად.
საერთოდ ნაადრევი ქორწინება არასასურველი მოვლენაა. ქორწინებასა და ოჯახის შექმნას სჭირდება წინასწარ გააზრება, დაგეგმვა და შინაგანი მზადყოფნა. ნაადრევ ქორწინებებს ძალიან ხშირად ცუდი შედეგი მოყვება. ასეთი ოჯახების 70-80 პროცენტი ინგრევა. ადრეულ ასაკში წყვილი არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული, არაა მომზადებული ფსიქოლოგიურად, ხშირად ფიზიკურადაც. ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანს ეცვლება ღირებულებები, ფასეულობები და, აქედან გამომდინარე, ჯობია მაშინ შექმნას ოჯახი, როდესაც უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული იქნება. იმედგაცრუება, ცხოვრებისეული გამოუცდელობა, სოციალური პრობლემები, აუწყობელი კარიერა, საკუთარი სტაბილური შემოსავლის უქონლობა და, აქედან გამომდინარე, სხვაზე დამოკიდებულება, მომავალში გემოვნების, ხასიათის, შეხედულებების ცვლილება – ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს ახალგაზრდა წყვილის ჯანმრთელობაზე, მათ ფსიქიკაზე. აქედან გამომდინარე, მეცნიერების აზრით, ნაადრევი ქორწინებები დიდ ემოციურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს წყვილს.


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები