ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ერთნაირად აისახება როგორც ქალის, ისე მამაკაცის ჯანმრთელობაზე. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ქალისათვის დიდი პასუხისმგებლობაა, გახდეს ცოლი და დედა, ადრეულ ასაკში კი მოზარდები არ არიან მზად ამ ტვირთისთვის. ზოგჯერ ეს სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ ემოციურ მდგომარეობას და მეუღლესთან, ოჯახთან ურთიერთობას. სამწუხაროდ, საზოგადოების დონიდან გამომდინარე, ზოგიერთ ნაადრევად დაქორწინებულ ქალს უშლიან სკოლაში სიარულს და საზოგადოებასთან ურთიერთობას, ართმევენ განათლების მიღებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების უფლებას. ამ ყოველივეს, ჩვეულებრივ, ემატება ადრეული ორსულობა, რაც იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას. ორსულობისა და მშობიარობის განმავლობაში განვითარებული გართულებები ყველაზე ხშირია 15-19 წლის გოგონების სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. ახალგაზრდა დედებში სწრაფადვე იჩენს თავს ფსიქიკური დარღვევები, ნევროზები, დეპრესიული მდგომარეობები.
ნაადრევი ქორწინებები ხშირად ხდება ადამიანის განვითარების ყველაზე რთულ მონაკვეთში, გარდატეხის პერიოდში. ამ ასაკში მოზარდს უჩნდება სურვილი, შეიგრძნოს რაიმე ახალი და განსხვავებული, ამიტომ ამ ასაკში აღინიშნება მრავალი ცვლილება ადამიანის ცხოვრებაში. ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდას უჩნდება ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი, ამას ხელს უწყობს აქსელერაცია და ის უამრავი ინფორმაცია, რასაც თანამედროვე ბავშვი იღებს. სხვადასხვა ფაქტორთა ურთიერთქმედებისას მძაფრდება სურვილები და მოთხოვნილებები. ამ ასაკში მოზარდი თანდათან თავისუფლდება მშობელზე დამოკიდებულებისგან, იზრდება საკუთარი პიროვნული პოზიციის მკვეთრად გამოხატვის მოთხოვნილება და, რაც მთავარია, ჩნდება სურვილი უფროსი, დამოუკიდებელი და ზრდასრული ადამიანის როლის შესრულებისა. ზოგიერთი ერის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის გოგონების უმრავლესობა უკვე დაქორწინებულია. ხშირად ასეთი ნაბიჯისკენ მათ უბიძგებენ მშობლები, ეროვნული ტრადიციები, სიღარიბე. ხშირ შემთხვევაში ასეთ ნაბიჯს დგამს მოზარდი, რომელსაც ოჯახური სითბოს დეფიციტი აქვს. საპირისპიროდ, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეგრეთ წოდებული
„მეგობრობის“ ინსტიტუტი, ნაადრევი ქორწინებები თითქმის არ გვხვდება. წყვილები არ ჩქარობენ, შექმნან ოჯახი მანამდე, სანამ საფუძვლიანად არ გაიცნობენ ერთმანეთს. ამ პერიოდში ისინი სწავლობენ ერთმანეთის ხასიათს, გემოვნებას, მიზნებსა და ინტერესის სფეროებს. შემდეგ თავისთავად წარმოიშობა ოჯახის შექმნის იდეა და საფუძველი. ასეთ წყვილს უკვე გავლილი აქვს თანაცხოვრების, ერთად ყოფნის პერიოდი, რომელიც ერთგვარად გაკვეთილი იყო მათთვის და მზად არიან, ატარონ ოჯახის ტვირთი, გააჩინონ შვილები და შეასრულონ მოვალეობები.
არცთუ ისე იშვიათად, ახალგაზრდა წყვილი უძლებს ყველანაირ წნეხს, უძლებს ყველა გამოცდას და დიდი ძალისხმევის შედეგად ქმნიან სანიმუშო ოჯახებს, მაგრამ, თუ მაინც როგორღაც იჩინა თავი ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა, უმჯობესი იქნება, მიმართონ სპეციალისტებს – ფსიქოლოგებს, – რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ზოგადად კი, რაც უნდა რთული პრობლემები ჰქონდეთ წყვილებს, მათ უნდა ეცადონ, თავად დაარეგულირონ თავიანთი ურთიერთობა. მათ უნდა შეძლონ ემოციების მართვა და ფუნქციების სწორად გადანაწილება ოჯახში.


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები