ფსიქოლოგის წერილი დედებს, რომლებიც შვილებისთვის ცოცხლობენ

თუკი დედას სურს შვილიშვილებს მოესწროს,


ჩატვირთვა...

შვილს გზიდან უნდა ჩამოეცალოს, – მარგარეტ ბარტი

ვიცი, რომ არც ისე მომგებიან თემაზე ვწერ და ალბათ ძალიან დიდ უკმაყოფილებას და ბრაზს გამოვიწვევ იმ ქალებში, რომელთაც ცხოვრების უმთავრესი აზრი დედობაში ჰპოვეს. მაინც ვწერ!

ჩემთან ხშირად რეკავენ დედები და თავიანთი შვილების კონსულტაციაზე მიღებას მთხოვენ. როცა ვუხსნი რომ ბავშვებთან არ ვმუშაობ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ბავშვები 25-28-30 წლისები არიან. როცა ვთხოვ ხოლმე, რომ თავად ბავშვმა დამირეკოს ამ თხოვნით, უამრავი მიზეზი გამოიჩხრიკება თუ რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება თავად მას: დაკავებულია, ტელეფონი გაუფუჭდა, ეშინია, ერიდება…

ერთხელაც არ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა რომ რომელიმეს ამ ,,ბავშვთაგან“ გადმოერეკა და მე ვფიქრობ, რომ თავად დედები იყვნენ დაბრკოლება: როგორ, მისი კონტროლის სფეროდან გაუშვებს?  ნუთუ საკმარისი იქნება ის, რასაც თავად ის ეტყვის თერაპევტს? დედიკოებს ,,ბავშვებთან“ ერთად უნდათ მისვლა თერაპიაზე, ყველაფრის დანახვა, ყველაფრის მოსმენა, დაკვირვება, რჩევების მიცემა. დედამ უკეთ იცის, რა სჭირდება მის ბავშვს.

tumblr_static_cr62ftimwz4s0o0g4ckws8k80

მე ფსიქოთერაპიის ასეთ ფორმატს არ ვცნობ, თუმცა მაინც ხდება ხოლმე სიურპრიზები – პაციენტი მოდის დედასთან ერთად და მეც აღარ ვიცი, როგორ დავატოვებინო მას კაბინეტი.

მკითხველები ალბათ უკვე მიხვდებოდნენ, რომ საუბარია ძლიერი დედობრივი სიყვარულის შედეგად განვითარებულ დამოკიდებულებაზე. საუკეთესო გამოსავალი ასეთ სიტუაციაში თავად დედისთვის ცალკე თერაპიაზე მოსვლის შეთავაზებაა, მაგრამ პასუხად ძალიან თავაზიანად მომიგებენ ხოლმე: ,,არა, გმადლობთ, მე არ მჭირდება. მე პრობლემები არ მაქვს!“

არადა ზუსტად რომ აქვს.  დედობრივი სიყვარული ასეთ ქალებში ყველა პრობლემას ფარავს, უბრალოდ იგი ვერ აღიქვამს თუ შეიძლება მას, შვილისგან დამოუკიდებლად პრობლემა ჰქონდეს. ასეთი ქალებისთვის ცხოვრების ერთადერთი მიზანი ,,დედობაა“ და როგორც წესი, ეს არც არის გაცნობიერებული არჩევანი, უფრო ზუსტად კი არჩევანი საერთოდ არ არის.

ბავშვი დედის იდენტობაში აჩენს უზარმაზარ ხვრელს და იგი ხდება სიცოცხლის ერთადერთი მოტივაცია. ასეთი დედა მსხვერპლად იღებს საკუთარ ცხოვრებას და შვილის გაჩენით პოულობს ცხოვრების აზრს, რამე იაფფასიან და უბრალო აზრს კი არა, საზოგადოებრივად აღიარებული ,,ყველაფერი ბავშვებისთვის“ უჭერს მხარს! აბა, მოაცილე ასეთ დედას ბავშვი, რა დარჩება მისგან? პროფესიულ, ქალურ, პარტნიორულ იდენტობაზე ძალიან ბევრია სამუშაო, დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. არ არის ადვილი.

სად გადის საზღვარი სიყვარულსა და დამოკიდებულებას შორის?

თანაზომიერებაში! თანაზომიერებაში ასაკთან, სიტუაციასთან.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს და ასეთ დროს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება გამართლებული კი არა არსებითიც არის. ჩვილ ბავშვს დედის მთელი ყურადღება და დრო სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, დედამ მაინც არ უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი, თუკი ცოტათი მაინც უყვარს საკუთარი შვილი.

რა უნდა მისცეს შვილს დედამ, რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვაც კი არ შეუძლია? არ აქვს საყვარელი საქმე, არ ჰყავს მეგობრები და… ვერ ახერხებს დასვენებას. ჰო, ალბათ იტყვით, შენ კაცმა, რა იცი დედობა რა არისო… დაიხმარეთ ახლობელი ადამიანები, ქმარი, ბებია-ბაბუები, დეიდები, ბიძები… გადაუნაწილეთ მათ აღმზრდელობითი ფუნქციები. დედა შეუცვლელი მხოლოდ ფიზიოლოგიური კვების პერიოდშია. დიახაც, მე ვიცი რას ნიშნავს დედობა და გეუბნებით, არ ღირს მასთან მხოლოდ საკუთარი ძალებით შეჭიდება.

tumblr_m60qeaPDBW1r2zs3eo1_1280

რა უნდა მისცეს ბავშვს დაღლილმა, გაღიზიანებულმა, ნატანჯმა დედამ? მხოლოდ დანაშაულის შეგრძნება, რომ დედამ მის გამო თავი გაწირა.

პარადოქსია, მაგრამ დედები, რომლებსაც შვილის გარდა არაფერი ახსოვთ, რეალურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ბავშვზე, თუმცა სხვა ჭრილში – ,,საკმარისად კარგი დედა ვარ?“

ადამიანის ზრდა პირდაპირპროპორციულია მისი მშობლებისგან გამოყოფის. დედა ასაკის მატებასთან ერთად უფრო ნაკლებ და ნაკლებ ადგილს უნდა იკავებდეს მის ცხოვრებაში. ამ ზრდის პროცესში მშობლების ყველაზე მნიშვნელოვანი როლი საკუთარი ბავშვების გაშვებაა, მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა. ფეხის ადგმის პროცესში იგი საჭიროებს დედის ჩაკიდულ ხელს, მაგრამ დამოუკიდებლად სიარული რომ ისწავლოს, დედამ ეს ხელი ნელ-ნელა უნდა გაუშვას. ზუსტად ასეთივე პროცესი ხდება ცხოვრებისეულ დონეზეც. შვილის ,,გაშვება“ არ არის ადვილი, სევდა, წყენა, გულისტკივილი ახლავს… თუმცა თუკი მშობელს მართლაც უყვარს შვილი, ამ ყველაფერს გადალახავს და იხარებს იმ ფაქტით, რომ ბავშვი გაიზარდა!

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები