რა ემართება ადამიანის სხეულს ზღვაში ჩაყვინთვისას

შემდეგ ჯერზე სანაპიროზე რომ ამოყოფ თავს, შენი სხეული ყველაზე სიღრმისეულ ტრანსფორმაციას გაივლის, რისი გამოცდაც ადამიანს ბუნებრივად შეუძლია. ეს არ არის ექსტრასენსური წინასწარმეტყველება; მე ზებუნებრივ წინათგრძნობას არ ვფლობ. ტრანსფორმაცია, რომელსაც აღვწერ, ფიზიკური და სრულიად რეალური იქნება. ეს მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციისა და ანტიკური გენების გაღიზიანების შედეგია, რომელსაც შენ და სხვა ადამიანები მილიარდობით ღრმად მყვინთავ ცხოველებთან ვიზიარებთ.


ჩატვირთვა...

ეს კი ასე მოხდება: შენ ქვიშაზე იწვები. შენი სხეული მზით გათბება. შენ დაგცხება და ცურვა მოგინდება. შენ თავს ძალას დაატან, რომ ადგე და წყლისა და ნაპირის შესაყართან გაიქცევი, ტალღებში მშვიდად შეხვალ და მერე ჩახტები. ზღვის მარილიან წყალში სახის ჩაძირვის მომენტი შენში ჰალკის მსგავს მეტამორფოზას გამოიწვევს. სისხლი შენი ხელებიდან და ტერფებიდან მხრებისა და თეძოებისკენ გადაინაცვლებს და მუცლის არეში კონცენტრირდება. შენი გულისცემის სიხშირე ნორმალური ტემპიდან რეფლექსურად 25 პროცენტით დაიკლებს; შენი გონება მედიტაციურ, თითქმის სიზმრის მსგავს მდგომარებაში შევა. თუ უფრო ღრმად ჩაყვინთვას ამჯობინებ, ტრანსფორმაციაც უფრო სიღრმისეული გახდება და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ შენ შენს მიწიერ ფორმასთან მხოლოდ ზედაპირულ მსგავსებას შეინარჩუნებ. შენ წყლის ცხოველად გარდაიქმნები – არსებითად, შენ თევზად იქცევი.

მეცნიერები ამ ტრანსფორმაციას ძუძუმწოვართა ყვინთვის რეფლექსს ან უფრო პოეტურად – სიცოცხლის მთავარ გადამრთველს (Master Switch of Life) უწოდებენ. ისინი ამ ფენომენს უკვე უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში იკვლევენ.

ფოტო: Daan Verhoeven

ტერმინი – სიცოცხლის მთავარი გადამრთველი არა მხოლოდ ერთ, არამედ მრავალ გადართვას, იმავე რეფლექსებს, მოიცავს, რომლებიც ჩვენი წყალში შესვლისას იწყებენ ამოქმედებას. ეს რეფლექსები სხვა ორგანოებთან ერთად გავლენას ახდენს ჩვენს ტვინზე, ფილტვებსა და გულზე. ღრმად ჩაყვინთვისას ისინი ჩვენი ორგანიზმის უზარმაზარი წყალქვეშა წნევისგან დასაცავად შეთანხმებულად ამუშავდებიან და ჩვენ ეფექტიან, ღრმა ზღვის ბინადარ ცხოველებად გვაქცევენ. ასეთი ყვინთვისთვის დამახასიათებელი წნევის ეკვივალენტი ხმელეთზე რომ განგვეცადა, მოვკვდებოდით ან დავშავდებოდით, თუმცა ოკეანეში მსგავსი არაფერი მოგვდის. ოკეანეს განსხვავებული წესები აქვს და მათ ბოლომდე გასაგებად ხშირად სრულიად განსხვავებული აზროვნებაა საჭირო.

თავისუფალი ყვინთვის მიმდევრები, იგივე ფრიდაივერები, ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ყველანაირი დამხმარე მოწყობილობის გარეშე, ერთი ღრმა ჩასუნთქვის ხარჯზე ეშვებიან ოკეანის სიღრმეებში. მათ სიცოცხლის მთავარი გადამრთველის სახელით ცნობილი ტრანსოფრმაციის ყველაზე კარგად ესმით. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ისინი ამ დროს გააქტიურებულ რეფლექსებს წარმოუდგენელ სიღრმეებში ჩასაყვინთად იყენებენ. 1950-იან წლებში მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველაზე ღრმა წერტილი, სადამდეც ადამიანს შეეძლო ჩაყვინთვა და ცოცხლად დარჩენა, 30 მეტრი იყო; უფრო ღრმად ჩაშვებისას კი ფილტვები ფატალურ კოლაფსს განიცდიდნენ. მას შემდეგ ფრიდაივერებმა 200 მეტრზე უფრო ღრმად შეძლეს ჩასვლა; სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე ფრიდაივერები კი 90 მეტრამდე რეგულარულად ეშვებიან. ერთი ან ორ-საათიანი წვრთნის შემდეგ ბევრ დამწყებს შეუძლია 15, 20 ან თუნდაც 30 მეტრამდე დაშვება. ეს მყვინთავები არ არიან განსაკუთრებულები; სიცოცხლის მთავარი გადამრთველი ყოველ ჩვენგანში არსებობს. ჩვენ მხოლოდ წყალში შესვლა და ჩაყვინთვა გვჭირდება და დანარჩენს ჩვენი სხეული გააკეთებს.

ფოტო: Shutterstock

აი, რა ხდება, როდესაც ღრმად ვყვინთავთ:

წყალქვეშ პირველ დაახლოებით 9 მეტრზე ჰაერით სავსე ფილტვები ზედაპირისკენ მიგიზიდავს და გაიძულებს, რომ ხელ-ფეხი მოიქნიო, რათა სიღრმეში ჩასვლა შეძლო. წყალქვეშ 10 მეტრზე იგრძნობ, რომ შენს სხეულზე წნევა გაორმაგდა. ამ სიღრმეზე შეკუმშული ჰაერი შენი ფილტვების ნორმალურ ზომას გაანახევრებს. ყვინთვას თუ გააგრძელებ, დაახლოებით 12 მეტრზე წყლის უგრავიტაციო ზონაში ჩააღწევ, რომელსაც ფრიდაივერები სიღრმის კარიბჭეს უწოდებენ. აქ ოკეანე შენი სხეულის ზედაპირისკენ მიზიდვას წყვეტს და, პირიქით, დაბლა გექაჩება. შენ მკლავებს გვერდებზე პარაშუტისტის პოზაში გაიშვერ, მოდუნდები და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გააგრძელებ ჩაძირვას.

30 მეტრზე წნევა სამმაგდება. სიცოცხლის მთავარი გადამრთველი მექანიზმი უფრო მძლავრად იწყებს მოქმედებას. შენი გული რეფლექსურად კიდევ უფრო ნელა განაგრძობს ფეთქვას. ეს ჰაერის შენახვასა და უფრო დიდი ხნითა და მეტად ღრმა ჩაყვინთვის საშუალებას მოგცემს. 30 მეტრზე ფრიდაივერების პულსი, შესაძლოა, ჩვეული სიხშირის ნახევარზე ჩამოვარდეს. ყოფილა შემთხვევები, როცა მყვინთავს წუთში 14 დარტყმა დაუფიქსირდა, რაც ზოგ შემთხვევაში კომაში მყოფი ადამიანის პულსის სიხშირის მესამედია. ზოგ მყვინთავს კი წუთში 7 დარტყმაც კი აღნიშვნიათ (ადამიანების უმრავლესობის პულსის საშუალო მაჩვენებელი წუთში 60-დან 100 დარტყმამდეა). ფიზიოლოგთა აზრით, ასეთი შენელებული გულისცემისას გონზე ვერაფრით იქნები. თუმცა, რატომღაც, ღრმად ოკეანეში ეს წესი ირღვევა.

დაახლოებით 90 მეტრის სიღრმეზე, რომელსაც უმეტესად ფრიდაივერები აღწევენ, შენი ორგანოებისა და ძარღვების გარსები, რომლებიც წნევის სარეგულაციო სარქველებივით მუშაობენ, სისხლსა და წყალს გულმკერდის არეში თავისუფლად მოძრაობის ნებას რთავენ. შენი მკერდი მისი რეალური ზომის დაახლოებით ნახევრამდე იკუმშება. 1996 წლის ყვინთვის დროს კუბელი ფრიდაივერის, ფრანცისკო ფერერა-როდრიგესის გულმკერდის გარშემოწერილობა 132 მეტრი სიღრმის მიღწევისას 127 სანტიმეტრიდან 50 სანტიმეტრამდე შეიკუმშა. ამ დროს სიცოცხლის მთავარი გადამრთველი ინტენსიურ მუშაობაზეა გადასული.

კაშალოტები ოკენის სიღრმეში 2700 მეტრამდე ჩადიან და იქ საათნახევარი შეუძლიათ გაჩერება.

ფოტო: Cosmos Magazine

როდესაც უკან, 60, 45, 30 მეტრზე ავალთ, სიცოცხლის მთავარი გადამრთველი ნელ-ნელა თავისი ეფექტების უკუცვლას იწყებს: გულისცემა იმატებს და სისხლი, რომელიც აქამდე გულმკერდის არეში იყო კონცენტრირებული, ახლა უკან ვენებში, არტერიებსა და ორგანოებში მიედინება. შენი ფილტვები ჰაერით ხელახლა ივსება. შენ კვლავ მიწის ცხოველად იქცევი.

როცა საკუთარი ძალის იმედად, ბუნებრივ მდგომარეობაში ყვინთავს, ადამიანის სხეულს დეკომპრესია არ ემართება. კესონისა და ღრმა ყვინთვასთან დაკავშირებული სხვა ისეთი ტიპის დაავადებები, როგორიცაა ჟანგბადის სიჭარბის ტოქსიკური ეფექტი, ანუ ჰიპეროქსია, რეალურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ჩნდება. თავისუფალი ცურვისას სადეკომპრესიო შეჩერებები საჭირო არაა; ფრიდაივერს, რომელიც დამატებით აღჭურვილობას არ იყენებს, შეუძლია, ისეთი სისწრაფით ამოვიდეს სიღრმიდან, როგორითაც მოესურვება და ის, ამასთან, სრულიად ჯანმრთელი დარჩება. ადამიანის სხეული სიღრმეებში დაბუდებული საშიში გაზების მიღებას რეფლექსიურად გადაამუშავებს; ეს ფუნქცია ჩვენს ორგანიზმს, სავარაუდოდ, მილიონობით წლის წინ გამოუმუშავდა. ჩვენ ყველანი ამ უნარით ვიბადებით. ჩვენ ჭეშმარიტად ყვინთვისთვის ვართ შექმნილები.

ჩვენ ასევე ოკეანის შვილები ვართ. ყოველი ჩვენგანი სიცოცხლეს ისეთ ემბრიონულ სითხეში ტივტივით იწყებს, რომლის 99 პროცენტი ზღვის წყლის მსგავსი ქიმიური ნაერთია. ჩვენი ყველაზე ადრეული დამახასიათებელი თვისებები თევზის მსგავსია. ერთი თვის ემბრიონი თავდაპირველად ფარფლებს ივითარებს და არა – ფეხებს. მხოლოდ ერთი შეუსაბამო გენია საჭირო, რომ ადამიანს ხელების ნაცვლად ფარფლები გაეზარდოს. განვითარების მეხუთე კვირაში ჩანასახის გულს ორი პარკუჭი აქვს, რაც თევზისთვისაა დამახასიათებელი.

ადამიანის სისხლის ქიმიური შემადგენლობა 98 პროცენტით ემთხვევა ზღვის წყლისას. ჩვილს თუ წყალქვეშ მოათავსებ, ის რეფლექსურად დაიწყებს ცურვას და, ბევრი ზრდასრულისგან განსხვავებით, სუნთქვას 40 წამის განმავლობაში უპრობლემოდ შეიკავებს. ჩვენ ამ უნარს სიარულის სწავლის შემდგომ ვკარგავთ. ნახე სრულად

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები