რა ცოდვაშია მოუნათლავი ადამიანი და რა არის ნათლობის საიდუმლო?

ნათლობა უპირველესია შვიდ უდიდეს საღვთო საიდუმლოს შორის. მხოლოდ ნათლობის შემდეგ დგება ადამიანი სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე.

მნიშვნელოვანია ნათლიისა და ნათლულის მოვალეობებიც. ნათლია სულიერი მშობელია და ხშირად ხორციელ მშობელზე მეტი პასუხისმგებლობაც კი ეკისრება. პირველ რიგში კი, თავად ნათლია უნდა იყოს რწმენაში ძლიერი, რომ ნათლული სწორად აღზარდოს. ნათლობასა და ნათლია–ნათლულის ურთიერთობებზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი .


ჩატვირთვა...

– მამა გიორგი, რა ცოდვაშია მოუნათლავი ადამიანი და რა არის ნათლობის საიდუმლო?

– ნათლობის საიდუმლო – ეს არის ღვთის მიერ ადამიანის გამოსყიდვა პირველქმნილი ცოდვისგან. ეს არის ადამიანის ქრისტეში შობა. სამჯერ წყალში შთაფლვა მოასწავებს ქრისტეს სამი დღე დაფლვას და შემდეგ მკვდრეთით აღდგომას. როცა ადამიანი ინათლება, იგი ინათლება არა რომელიმე ადამიანის, მოძღვრის ან რაიმე ქმნული არსების სახელით, არამედ ყოვლადწმინდა სამების სახელით – სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. ამიტომ ნათლობა არის დაბრუნება ადამიანისა იმ სამოთხისეულ ბაღში, საიდანაც იგი იქნა გამოგდებული პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგ. თუმცა კი მონათვლის შემდეგაც სცოდავს ადამიანი. ამისთვის არის სწორედ დაწესებული სინანულის და აღსარების საიდუმლოება. ნათლობის შემდეგ ადამიანს ენიჭება ახალი სიცოცხლე. იგი არის ეკლესიის წევრი და ეკლესიის ცოცხალი უჯრედი. მონათლული ადამიანი არის დაცული და არ არის ადვილად მისაწვდომი ბოროტი არსებებისათვის. იგი ხდება დაცული მფარველი ანგელოზით, რომელიც მხოლოდ მონათლულ ადამიანს ჰყავს.

ნათლობის საიდუმლოს საფუძველი უდევს, პირველ რიგში, სახარებაში. ნათლობის საიდუმლო გულისხმობს იმას, რომ განცხადდა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, ანუ ნათლობის დღესასწაულს სხვანაირად განცხადების დღესასწაულიც ჰქვია. ჩვენთვის ცხადდება ყოვლადწმინდა სამება. ნათლობა პირადი სულთმოფენობაა. ნათლობის დროს ჩვენზე გადმოდის სულიწმინდა და მისი მადლი. სულიწმინდა გარდამოდის მტრედის სახით, თუმცა ჩვენ, ადამიანები, ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ იყვენ ადამიანები ეკლესიის ისტორიაში, ვინც ეს დაინახეს ნათლობისას. არამარტო ეკლესიის ისტორიაში ყოფილა ამგვარი შემთხვევა, უბრალო ადამიანებიც მინახავს, ვისაც დაუნახავს მტრედის სახით ადამიანზე გადმოსული სულიწმინდა. ჩემს მრევლში იყო შემთხვევა, როცა ბავშვზე მონათვლისას ფრთები დაინახეს, ფოტოც კი არის გადაღებული. ანუ, მფარველი ანგელოზი შევიდა მასში და ფრთები გამოაჩინა სამი წლის ბავშვთან. თუმცა ასეთ ხილვებს უნდა ვერიდოთ და უნდა ვირწმუნოთ უხილავი ღმერთი.

ნათლობისას ადამიანს ენიჭება ახალი სახელი, ენიჭება თავისი მფარველი ანგელოზი, დაცვა, სულიერი იმუნიტეტი, სულიწმინდის შვიდი ნიჭი, რომლებიც ადამიანმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ცხრა ნაყოფად უნდა აქციოს. ნათლობის საიდუმლო განსაკუთრებულ ძალას გვაძლევს იმისას, რომ შევიმეცნოთ ყოვლადწმინდა სამება. რა თქმა უნდა, ნათლობა მოასწავებს ასევე სინანულის კარების გახსნასაც. ამ დროს ადამიანს ეძლევა სინანულის და სასუფევლის გასაღები. ნათლობის დროს წარგვეხოცება ყველა ცოდვა. ადამიანი ცოდვისაკენ მიდრეკილი ისე აღარ არის, როგორც იყო ნათლისღებამდე, ანუ, მისი სულიერი იმუნიტეტი ძლიერდება.

ნათლობა ბრძოლის დასაწყისია. ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ ადამიანი ქრისტეს მხედარი ხდება. ნათლისღება არ არის სასურველი საიდუმლო, ეს არის სავალდებულო, ასევე განუმეორებელი საიდუმლოება. არ შეიძლება ადამიანმა ნათელ იღოს და რაღაც არ მოეწონოს, ან მღვდელი, ან ნათლია, ან თავისი განწყობილება და მეორედ მოინათლოს.

– ცოდვაშია ის ნათლია, რომელსაც არ აქვს ურთიერთობა ნათლულთან?

– ცოდვაშია მეტნაკლებად, იმ მხრივ, რომ შეიძლება განზრახ არ იყოს გადაკარგული. არის რაღაც მიზეზები, რის გამოც ვერ ახერხებს მასთან ურთიერთობას, თუმცა ეს მაინც ცოდვაა. რატომ არ უნდა წაიყვანოს ნათლიამ ნათლული ეკლესიაში, რატომ არ უნდა აზიაროს, რატომ არ უნდა ურჩიოს სხვადასხვა საკითხებზე?

– ნათქვამია, რომ ნათლიობა შვიდ თაობაზე გადადის, ანუ ნათლიისა და ნათლულის მხარეებს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთმანეთი შეუყვარდეთ და ასე გრძელდება შვიდ თაობაზე. ეს ეკლესიური დოგმაა?

– ძალიან მკაცრად თუ მივუდგებით, შვიდ თაობაზე გადადის. ქრისტიანული სიყვარული შეძლება, მაგრამ ცოლქმრული სიყვარული არ შეიძლება მათ შორის. ეს იგივეა, რომ და ან ძმა მოიყვანო ცოლად, ან ბიძაშვილი. სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ ბავშვის ნათლია უყვარდება ადამიანს, მამაკაცს ან ქალს. ჯვარი არ დაწერეს, ეკლესიურად ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. გამოდის მკრეხელობის ფორმა. როცა ადამიანმა, სავარაუდოდ, იცი, რომ შეიძლება ის შეგიყვარდეს, ნუ ანათვლინებ შენს შვილს და ნუ იგდებ თავს ცოდვაში. ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები