სინამდვილეში რა განსხვავებაა საკეისრო კვეთასა და ფიზიოლოგიურ მშობიარობას შორის? – ამირან ქორიძის რჩევები ქალებს

ამ საკითხზე სასაუბროდ ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილ ადამიანს მივმართეთ – თბილისში ცნობილ მეან-გინეკოლოგს, “ჯანმრთელობის სახლის” დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ბატონ ამირან ქორიძეს.
ბატონი ამირანი წლებია არა მხოლოდ კლინიკას ხელმძღვანელობს, უშუალოდ არის ჩართული საქმეში და ბევრი სიცოცხლე დაბადებულა მის ხელში. ბევრ ცნობილ ქალბატონსაც უმშობიარია მასთან. ისეთმა ვარსკვლავებმა ანდეს საკუთარი ჯანმრთელობა და შვილების ბედი, როგორებიც არიან ნინი ბადურაშვილი, ნინო ანანიაშვილი,
გოგოლა კალანდაძე, ხატია სიჭინავა და სხვები.

– ფიზიოლოგიური მშობიარობაა ზის როგორც ქალის, ასევე ახალშობილის ბუნებაში. ბავშვმა უნდა გაიაროს სამშობიარო გზები, რის შემდეგაცდ უფრო მომზადებული ხვდება ახალ გარემოს. მაგრამ, არც ექიმისთვის და არც პაციენტისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს ის, რომ ქალმა მაინცდამაინც ბუნებრივად იმშობიაროს. როდესაც ყველაფერი მიდის ნორმის ფარგლებში და არ გვაქვს რაიმე გართულება, არ ვდგავართ რაიმე სახის რისკის წინაშე, რასაკვირველია, კარგია ფიზიოლოგიურად მშობიარობა. მით უმეტეს რომ, ამ დროს თავად ქალი მონაწილეობს ბავშვის დაბადებაში, რაც მას თავდაჯერებულობას ჰმატებს, საკეისრო კვეთის დროს კი ამას მოკლებულნი არიან დედები. გარდა პირადი გადაწყვეტილებისა, არსებობს ეროვნული გაიდლაინები და პროტოკოლები, სადაც გაწერილია, რა ჩვენების დროს უნდა გაკეთდეს საკეისრო. საკეისრო კვეთა შეიძლება ჩატარდეს როგორც დედის, ასევე ბავშვის ჩვენებით, როდესაც ერთს ან მეორეს რაიმე გართულება აქვს, უმჯობესი ხდება რისკების თავიდან ასაცილებლად ამ გზით მოევლინოს ბავშვი ქვეყანას.
კითხვა განაგრძეთ შემდეგ გვერდზე წლებია, ეს მეთოდი დანერგილია, როგორც ახალშობილისა და დედის გადარჩენის გზა და საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა, სანამ სხვადასხვა ქვეყანაში შევიდოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია, რომელშიც წერია, რომ ქალს აქვს უფლება თავად აირჩიოს მშობიარობის გზა. ამან მკვეთრად გაზარდა საკეისროს მსურველთა რიცხვი. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ექიმების ეკონომიკურმა დაინტერესებამაც გამოიწვია ზრდა. მაგალითად, ჩინეთში ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, საკეისროსა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ღირებულება ერთმანეთს გაუთანაბრეს, რის შემდეგაც საკეისრო კვეთების რიცხვი დიდი რაოდენობით შემცირდა.
როდესაც საკეისროს მაჩვენებლის ზრდაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებლია ისიც, რომ ქალი ძალიან აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჯერ ფიქრობს კარიერის აწყობაზე და შემდეგ ოჯახზე, ამასობაში წლები გადის და შედეგად ვიღებთ ხანდაზმულ, 30 წელს გადაცილებულ, 40 წლის ორსულებს, მათ შემთხვევაში კი ფიზიოლოგიური მშობიარობის რიცხვი მცირდება.
ასევე არის შემთხვევები, როცა რთული მშობიარობის შემდეგ, მეორე შვილის გაჩენას კატეგორიულად საკეისრო კვეთით ითხოვენ, პირველი ორსულობის დროს კი ხდება ისეც, რომ არასამედიცინო პერსონალის რჩევით, ვიღაცის მძიმე გამოცდილების “გაზიარებით” ორსული უარს ამბობს ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე. მოგეხსენებათ, მშობიარობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ზოგიერთი ექიმი, ყველას არ ვგულისხმობ, ცდილობს, აიცილოს თავიდან გართულებები, რისკები და პაციენტს ურჩევს საკეისრო კვეთის გაკეთებას, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ იზრდება გართულების რისკი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალშობილების გარდაცვალების შემთხვევები საკეისროს დროს უფრო მეტია. ყველაფერი ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში გაზრდილია საკეისროს გზით ბავშვის დაბადების შემთხვევები, ევროპის კონტინენტზე, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 70%-მდე ავიდა, ამიტომ ყველა ცდილობს, რაღაცნიარად მოხდეს შემცირება. აშშ-ში რომ ეგონათ, მაჩვენებელი 37-38% იყო, ბოლო კვლევების შედეგად 50%-ს გადასცდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ სტატისტიკაც ყოველთვის ზუსტი არ არის.


ჩატვირთვა...

– ამბობენ, რომ ჩვენთან საკეისრო კვეთის ჩატარება მხოლოდ ქალის სურვილით არ ხდება, ანუ თუ რაიმე გართულება, შესაბამისი ჩვენება არ აქვს, ექიმი ორსულს მხოლოდ სურვილის გამო საკეისროს არ გაუკეთებს, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?
– ექიმს აქვს უფლება საკეისრო არ გაუკეთოს ორსულს, ის ვალდებულია კიდევ ერთხელ აუხსნას ფიზიოლოგიური მშობიარობის მნიშვნელობა და დაარწმუნოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქალის გადაწყვეტილება რჩება მაინც პრიორიტეტულად. შენ არ გაუკეთებ, წავა და სხვაგან გაიკეთებს, რა პრობლემაა?!
ჩვენ თვითონ ჩავატარეთ კვლევა საკეისრო კვეთის ფსიქოსოციალურ ფაქტორებთან დაკავშირებით და გამოვლინდა 37-38% ქალებისა, რომლებიც თავად, საკუთარი სურვილით ირჩევენ საკეისროს გზით ბავშვის გაჩენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამდენი საკეისროების ფონზე, ხდება განმეორებითი საკეისრო კვეთების ჩატარებაც, მაგრამ ახლა ვისაუბროთ მათზე, ვინც პირველად იკეთებს და ირჩევს საკეისროს. გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლებისა და მაღალი შემოსავლების მქონე ქალები ირჩევენ საკეისრო კვეთას და ასევე ისინიც, ვინც ფიქრობენ ქალურ ესთეტიკაზე, რადგან აქვთ წარმოდგენა, რომ ნამშობიარევი ქალი კარგავს თავის ბუნებრივ “სილამაზეს”.
კითხვა განაგრძეთ შემდეგ გვერდზე

– არსებობს მოსაზრება, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უფრო რთული გასაზრდელები არიან, ხშირად ავადმყოფობენ და ა.შ., ვიდრე ფიზიოლოგიური გზით მოვლენილები…
– არ არსებობს კვლევა, რომელიც საკეისრო გზით დაბადებული ბავშვის ცხოვრება-განვითარებას 20-25 წლის განმავლობაში მიადევნებდა თვალყურს, შესამაბამისად ეს ყველაფერი ვარაუდის დონეზე გამოთქმული მოსაზრებებია. ისე კი, მდედრობითი სქესის ახალშობილების 70-80%, რომლებიც საკეისრო კვეთით არიან გაჩენილები, თავადაც საკეისროს ირჩევენ.

– რაც შეეხება საკეისროებს შორის ინტერვალს, 3 წელი იდეალური ვარიანტია?
– ეს ადრე იყო. დღეს კი ჩვენებების მიხედვით ვაძლევთ მორიგი ორსულობის უფლებას. ხშირად მქონია შემთხვევა საკეისროდან 3 თვის შემდგომ ორსულობისა, ისე კი ნებას 6-8 თვის შემდეგ ვრთავთ. ერთხელ გადატანილი საკეისრო არ ნიშნავს იმას, რომ მეორეჯერაც აუცილებლად საკეისრო უნდა გაკეთდეს, შესაძლებელია ნაკეისრალმა ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიაროს, თუ ორსულობა დადგა საკეისრო კვეთიდან 6 თვის შემდეგ, თუ პოსტოპერაციული ნაწიბური არის სრულფასოვანი და არ ემუქრება მშობიარობის დროს ტრავმა ან საშვილოსნოს გახევა, თუ ნაყოფი არ არის დიდი და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. მაგრამ თითებზე ჩამოსათვლელია იმ ქალთა რაოდენობა, ვინც თანხმდება საკეისროს შემდეგ ფიზიოლოგიურ მშობიარობას.

– საკეისრო კვეთით ჯამში რამდენი შვილის გაჩენაა შესაძლებელი?
– პირადად მე რაც გამიკეთებია, ესაა ხუთი და ამ მეხუთე საკეისროს შემდეგ ქალმა მილების გადაკვანძვაზე უარი განაცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ აპირებს შვილოსნობას. ხუთი საკეისრო შედარებით იშვიათია, მაგრამ ოთხი, სამი ხომ საერთოდ, ძალიან ხშირია. ის ფაქტორი, რომ საკეისროს შემთხვევაში ბევრ შვილს ვერ იყოლიებს წყვილი, უკვე გამორიცხულია, როგორც გითხარით, 5 საკეისრო გაკეთებული მაქვს, თუ 7-8 ბავშვის ყოლას აპირებს ოჯახი, ეგ უკვე სხვა საქმეა. თუმცა, დღეს, სამწუხაროდ, ძირითადად 2-3 შვილს ჯერდებიან, ცხოვრება გართულებულია.

– ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ უფრო მალე დგება ქალი ფორმაში თუ საკესირო კვეთის შემდეგ?
– რასაკვირველია, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიებით, პოსტოპერაციული პერიოდის მართვით ზღვარი თითქმის იშლება. მიუხედავად ამისა, დასასრულ, მაინც მინდა ვთქვა, რომ უპირატესი ფიზიოლოგიური მშობიარობაა, ამ დროს რეაბილიტაციის პერიოდი უფრო ხანმოკლეა, ქალში იმატებს თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის მნიშვნელობის ამაღლების მომენტი. ამასთან, ფიზიოლოგიურად მშობიარობის დროს, ახალშობილს მაშინვე დედას ვაწვენთ გულზე, აი საკეისროს დროს კი ეს შეუძლებელია, ამიტომ ვაწვენთ გულზე მამას. გარდა იმისა, რომ ამით ხდება პირველი კონტაქტი ბავშვთან და იმ ძალების გაცვლა, რაც მშობელსა და შვილს შორის უხილავად არსებობს, ესაა ახალშობილის პირველი შეხება იმ მიკრობიოლოგიურ სამყაროსთან, რაც ასე მნიშვნელოვანია მისთვის. შეიძლება ბევრი ორსული ვერ ხვდებოდეს, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მუცლადმყოფ ბავშვთან კონტაქტი, დედის განწყობა ხასიათი გადადის ბავშვზე და ამას ულტრაბგერითი ექოსკოპიაც ადასტურებს, ეს უხილავი კავშირი არსებობს და ამქვეყნად მოვლენის შემდეგ ხდება გაგრძელება.

წყარო 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები